გვანცა კორძახია
9 დეკემბერს ” თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით ლიტერატურული საღამო “მშვიდობა ჩვენი უფლებაა” გაიმართა. საღამო მიძღვნილი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ყოველ 10 დეკემბერს აღინიშნება.
ორგანიზატორების განმარტებით, მათ სურდათ ადამიანებს დაენახათ, თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს ლიტერატურამ, რომელიც პოლიტიკისგან განსხვავებით ნეიტრალურია.
“ლიტერატურას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვერ აგვარებს პოლიტიკა. კარგი იქნება, თუ ხშირად გაიმართება ასეთი საღამოები, რომლებიც თავისთავად ზრდის ახალგაზრდების აქტივობას. მოვა დრო და ასეთი მშვიდობის გზავნილები იქნება ცხინვალშიც და ოსეთშიც. ახლანდელ დროში ლიტერატურა ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს” – განაცხადა ერთ-ერთმა მოწვეულმა ავტორმა გურამ ოდიშარიამ, რომლის წიგნი “დაბრუნება სოხუმში” 2002 წელს სოხუმის რამდენიმე საგაზეთო გამოცემაში დაიბეჭდა.
შეხვედრაზე მწერლებმა საკუთარი შემოქმედებიდან სამშვიდობო თემაზე შექმნილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები წაიკითხეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.
საღამოზე, რომელიც საკმაოდ თბილ გარემოში შედგა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ლექსების კრებული “წერილები და მავთულხლართები” გადასცა.
მოწვეული სტუმრები იყვნენ გურამ ოდიშარია, რეზო გეთიაშვილი, შალვა ბაკურაძე, ირმა ტაველიძე, ირაკლი კაკაბაძე, პაატა შამუგია, ალეკო ცქიტიშვილი და თეა თოფურია, საღამოს მოდერატორი კი მაია ცირამუა.
“ადამიანის უფლებათა სახლი” მსგავსი ღონისძიებების გამართვას უახლოეს მომავალშიც გეგმავს.
ფოტოები