დევნილთა ცივი რეალობა

შორენა ლათათია

ამას წინათ ეგზიუპერის „სამხედრო მფრინავს“ ვკითხულობდი. „ომი გმირობა არაა. ომი ავადმყოფობაა, როგორც ტიფი“ – თვალში მომხვდა ოდესღაც ფანქრით გახაზული წინადადება, და დევნილები გამახსენდნენ. არც „ახლები“ და არც „ძველები“, უბრალოდ დევნილები. საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულნი. დევნილი ბავშვები, რომლებიც ჯერ მხოლოდ თვალებით გელაპარაკებიან და გიღიმიან…

სოფ. ქურთიდან დევნილი, 8 თვის გიორგი
სოფ. ქურთიდან დევნილი, 8 თვის გიორგი

მოვიწყინე. განსაკუთრებით არ მიყვარს ეს სიტყვა. „დევნილი“ – აგვისტოს ხუთ დღეს მახსენებს (ფილმს არ ვგულისხმობ, ეგ ისედაც სულ მახსოვს). იმ დევნილებს მახსენებს, რომლებმაც მთელი ზამთარი დევნილთა სამინისტროს ეზოში, კარვებში გაატარეს თავშესაფრის მოთხოვნით და დღესაც უსახლკაროდ არიან. იმ დევნილ ქალსაც მახსენებს, იმავე სამინისტროს ეზოში თავი რომ დაიწვა.

აფხაზეთიდან დევნილ მანანა ქარდიას სიტყვები მახსენდება, რომელიც ინციდენტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ესაუბრა ნანა ფიფიას- „წინა დღეს ფიფია სამინისტროდან აღელვებული გამოვიდა. ტუღუშს უთქვამს – ფოცხოეწერში მოგცემთ თავშესაფარსო. ფიფიას დაუჩივლია – იქ რა უნდა ვქნა, რით  ვიარსებოო? ბალახი მოძოვეო – უპასუხია ტუღუშს“.

ამ ინციდენტის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ახალი არაფერი უთქვამს. დაწერეს, რომ ფიფიას  საცხოვრებელი ფართი რეგიონში შესთავაზეს, თუმცა, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა. ჩემთან საუბარში ეს ინფორმაცია, კატეგორიულად უარყვეს ფიფიას ახლობლებმა.

წარსულზე  ფიქრს ვწყვეტ და დევნილების აწმყოთი ვინტერესდები.

კარალეთის ჩასახლებაში შევდივარ.

თამარაშენიდან დევნილი, 4 წლის ხატია თამაშს წყვეტს და ჩემს თვალიერებას იწყებს...

ისეთი სიცივეა, რომ  მაშინვე თითები და მაჯა მეყინება.

ირგვლია, სხვადასხვა საოჯახო საქმეებში ჩართულ დევნილებს ვხედავ...

ვეკითხები, თუ რითი თბებიან. დევნილთა ნაწილი ამბობს, რომ გაზის გამათბობლები, რომლებიც კოტეჯებში დახვდათ, დიდი ხანია, რაც მწყობრიდან გამოვიდა. დანარჩენები ჩივიან, რომ ბევრს წერს. ამის გამო, უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გადააგორებს ამ ზამთარს. ერთ-ერთს ვეკითხები, გამოზამთრებას სად აპირებ-მეთქი. “აქ, აბა, თბილ ქვეყნებში ხომ არ გავფრინდები?” –  ღიმილით მპასუხობს…

„გაზის გამათბობელი შარშან გაფუჭდა და მას შემდეგ აღარ მუშაობს"...

„გაზის გამათბობელი შარშან გაფუჭდა და მას შემდეგ აღარ მუშაობს"...

ნეტავ, არ შეიძლება, რომ ყველაფერი უფრო მარტივად იყოს, ვიდრე თბილ ქვეყნებში გაფრენა ან კიდევ უარესი –  დენის გამათბობლებია?

„დენის გამათბობლით ვთბებით, მაგრამ  მთელი დღე ვერ ვრთავთ… ბევრს დაწერს და ვეღარ გადავიხდით“, – თავის წუხილს მიზიარებს 49 წლის ლუიზა გოგაშვილი: „ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია და არ მუშაობს. არც მე ვმუშაობ, დამლაგებლადაც კი ვერ ვიშოვე ადგილი. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 24 – ლარიანი დახმარებაა“.

ის, ალბათ, ერთადერთია ვინც გულით ოცნებობს პენსიონერობაზე იმ მარტივი ლოგიკით, რომ , თუ პენსიონერობის ასაკს მიაღწევს, უფრო მაღალი შემოსავალი ექმება, „მანამდე კი ამ 24 – ლარიანი დახმარებით უნდა ვირჩინო თავი“.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც დევნილთა ადგილზე ინტეგრაციას ეხება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას უკავშირდება. დევნილებთან საუბრისას ირკვევა, რომ  მიწა საკმარისზე ცოტაა. სამინისტროს წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ მიწა საკუთრებაში ყველა დევნილს გადაეცა.

„სიმინდი მომყავს, მაგრამ იმდენი არ მოგვდის რომ გავყიდოთ და მაგით დამატებითი შემოსავალი გავიჩინოთ“ – მეუბნება   გოჩა მაისურაძე, რომელიც ჩასახლებაში დედამისთან  და  შვილთან ერთად ცხოვრობს.

დევნილებს ვემშვიდობები და თბილისში ვბრუნდები.

გონებიდან არ ამომდის პატარა ხატიას მოწყენილი სახე. ვერაფრით გავაღიმე. არადა, როგორ არ ვეცადე…

უკანა გზაზე მეც ხატიასავით მოწყენილი ვარ. ვხვდები, რომ წინ ძალიან ცივი ზამთარი ელით, მით უმეტეს, რომ ის შეღავათები და დახმარებები, რომლებსაც დევნილობის პირველ წლებში იღებდნენ  ნელ-ნელა წყდება.  მაგალითად, მათ უკვე აღარ მიეწოდებათ უფასო გაზი და ელექტროენერგია.

Advertisements
This entry was posted in დევნილები and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to დევნილთა ცივი რეალობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s