ქართველი უფლებადამცველები ალეს ბიალიაცკის მხარდასაჭერად

ნინო ღვედაშვილი

თავისუფლება ალეს ბიალიაცკის! ვერ შეაჩერებთ “გაზაფხულს”! –  ამ ლოზუნგებით პირველ დეკემბერს ქართველი უფლებადამცველები ამჯერად ბელორუსი კოლეგის მხარდასაჭერად შევიკრიბეთ.

ფოტორეპორტიორთა მხარდასაჭერი აქცია პარლამენტის წინ, 2011 წლის 12 ივლისი

ზაფხულში, დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერ აქციებზე რომ დავდიოდი, მას მერე არაფერი გამიპროტესტებია. მაშინ, ჟურნალისტებიც და უფლებადამცველებიც გასაოცარი ერთიანობით ვიბრძოდით სხვადასხვა ფრონტზე (ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი და სხვ.) და ამავდროულად, არ ვწყვეტდით საპროტესტო გამოსვლებს. არც ერთი დღე პროტესტის გარეშე – ლოზუნგით გაერთიანებულები, No Picture, No Democracy  პლაკატებითა და მაისურებით ორი კვირის მანძილზე ყოველ დღე სხვადასხვა ადგილას ვიკრიბებოდით და ფოტორეპორტიორების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავდით, ვაპროტესტებდით მედიაზე ზეწოლასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

მაისურები და პლაკატები აქაც იყო, მაგრამ ზაფხულის აქციებისგან განსხვავებით, გუშინდელი შეკრება არ იყო მასშტაბური.

ალეს ბიალიაცკის ფოტოიანი მაისურებით და პლაკატებით 20-მდე ადამიანი საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და ბელორუს უფლებადამცველს სოლიდარობა გამოუცხადა, რომელსაც ბელორუსის სასამართლომ გასულ კვირას ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების სრული კონფისკაციით. ბიალიაცკი 4 აგვისტოს მინსკში დააკავეს, მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით  გადასახადების დამალვა ედება.  

აქციაზე, სახელდახელოდ გაფორმებულ ლუკაშენკოს “მანეკენს” გიორგი ჯანელიძემ (ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი) ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა წაუკითხა ბიალიაცკის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით:
“ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალეს ბელიაცკი, მოუხსნას მას ყოველგვარი ბრალდება და მისცეს ხალხს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებით სარგებლობის საშუალება.”

  

  

ალეს ბიალიაცკი ადამიანის უფლებათა საერთაშრისო ფედერაციის (FIDH) ვიცე-პრეზიდენტი და ბელორუსის უფლებადაცვითი ცენტრის „ვესნას“ პერზიდენტია. ორგანიზაციას რეგისტრაცია 2003 წელს გაუუქმეს, რის გამოც, უფლებადამცველები იძულებულნი გახდნენ, საქმიანობა სხვა ქვეყნიდან გაეგრძელებინათ. ბიალიაცკი დაკავებული იყო უფლებადაცვითი საქმიანობით, რომელიც მიმართული იყო რეპრესიების შედეგად დაზარალაბულ პირთა დასაცავად.

როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია თავის ღია წერილში წერს, “მისი საქმიანობა ხორციელდებოდა სრულიად ღიად და გამჭვირვალედ. ბატონი ბიალიაცკი გასამართლებულ იქნა აღნიშნულ საქმესთან კავშირში არ მყოფი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ბელარუსის სუკ-ის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური პროცესის ფარგლებში. ყოველივეს მიზანი კი,  მისი უფლებადაცვითი მოღვაწეობისა და ორგანიზაცია „ვესნას“ საქმიანობის შეწყვეტა იყო.”

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა ვერც საერთაშორისო უფლებადამცველთა მხარდაჭერამ (ღია წერილები, საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქვეყნებში, სპეციალური მიმართვები ლუკაშენკოსადმი) და ვერც იმ ფაქტმა, რომ ბიალიაცკის სასამართლოს ესწრებოდნენ ლიტვის და ჩეხეთის ელჩები, ასევე შეერთებული შტატების, საფრანგეთის და უნგრეთის დიპლომატიური მისიები და უამრავი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ცნობილი პირები.

სასამართლოზე ბიალიაცკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისი და მისი დამცველის სიტყვა ჰგავს ხმას მღაღადებლისას უდაბნოში. “ვხვდები, რომ გაცილებით რულ სიტუაციაში ვარ, ვიდრე მეგონა, რადგან საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ხასიათისაა. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს უდაბნოში ვყვიროდე და ვცდილობდე, ჩემი ხმა მზეს მივაწვდინო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მაქვს სათქმელი…” ამ სათქმელში კი ბიალიაცკიმ ბელორუსში არსებული სიტუაცია და მის მიმართ განხორციელებული ქმედება საბჭოთა წლებს და “სუკ”-ის მუშაობას შეადარა.

ბიალიაცკის მხარდასაჭერად, თბილისში გამართულ აქციაზე ქართველი უფლებადამცველების გარდა, უცხოელებიც მოვიდნენ. კატერინა სპეცოვას (ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი) ბიალიაცკისთან ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის ფარგლებში რამოდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და პიროვნულადაც კარგად იცნობს: “ალეს ბიალიაცკის უკევ ხუთი წელია ვიცნობ. ყოველთვის მომწონდა მისი ღრმა აზროვნება და საუბარი. ალესი იუმორის განსაკუთრებული გრძნობითაა დაჯილდოვებული. თუმცა, მისი კოლეგები მეუბნებიან, რომ ბოლო დროს, რაც სერიოზული პრობლემები დაეწყო ბელორუსის ძალოვნებთან, თითქმის აღარ იღიმოდა. ის ძალიან მამაცი და ბრძენი ადამიანია და მჯერა, რომ მისი პიროვნული თვისებები დაეხმარება მას ამ უსაზღვროდ რთულ პერიოდში. იმედი ვიქონიოთ, რომ ციხეში დიდ ხანს არ მოუწევს დარჩენა”.

Advertisements
This entry was posted in საზოგადოება, უფლებადამცველები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s