„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში“

ნინო ღვედაშვილი

 პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღემდე 2 დღით ადრე Freedom House-მა ანგარიში გამოსცა, სადაც მსოფლიოში მედიის თავისუფლება შეაფასა. საქართველო ამ სიაში 52-ე ადგილზე მოხვდა და ნახევრად თავისუფალი მედიის სტატუსი შეინარჩუნა. სხვათა შორის, შარშანდელთან შედარებით, 3 ნაბიჯით დაშორდა 61-ე ადგილს, საიდანაც არათავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი იწყება.

3 მაისს კი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა პრესის თავისუფლების დღე არნიშნეს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ მოეწყო. აქციის მონაწილეები ძელსკამებზე მსხდომ რიგით მოქალაქეებს პირაკრულები და თვალახვეულები შეერივნენ. ზოგ მათგანს კი პლაკატებიც ეჭირა ქართულ და ინგლისურ ენებზე სლოგანით: „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში.“

მეც წავიკარი თავზე თეთრი ლენტი, რომელსაც წითელი მარკერით გარკვევით მივაწერე – „I am a reporter, not a spy“ (მე რეპორტიორი ვარ, არა ჯაშუში), ჩემი რამოდენიმე კოლეგაც მოვამარაგე მსგავსი სანიშნეებით, ემანდ ჯაშუში არავის ეგონოთ მეთქი და თავისუფლად ვაჩხაკუნე ფოტო კამერა ზუსტად იმ ადგილებზე, სადაც გასული წლის 26 მაისის აქციის დაშლისას დარბეულ დემონსტრანტებს იღებდნენ ჩემი კოლეგები და რის გამოც, მოგვიანებით, ჯაშუშობის ბრალდებით, ციხეში ამოყვეს თავი.

გადავიღე ასევე მავთულბადეში მოთავსებულ გაზეთებზე ხელბორკილით მიბმული უფლებადამცველები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ „დაპატიმრებულ პრესას“ და ყველა ჟურნალისტს, ვინც დღესდღეობით რაიმე ფორმით დევნას და ზეწოლას განიცდის. ფოტორეპორტაჟი იხილეთ პოსტის დასასრულს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე გასულ წელსაც აღნიშნა. პარლამენტის წინ მოწყობილ ფლეშმობზე აქციის მონაწილეებმა ამობრუნებული გაზეთებით პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა სახის ზეწოლას ქართულ ბეჭდურ მედიაზე.

 ამ დღის შესახებ:

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობას, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.

ეს დღე შეახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

ესეც დაპირებული ფოტორეპორტაჟი:

Advertisements
This entry was posted in საზოგადოება, უფლებადამცველები and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s