ზემო მლეთის გასაჭირი

სალომე აჩბა 

გასულ კვირას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ჟურნალისტებისთვის ეკომიგრაციის თემაზე სოფელ მლეთაში სასწავლო ტური მოაწყო. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ტურში მონაწილეობას მეც მივიღებდი.

მლეთა დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. კარგი განწყობა დილიდანვე გამომყვა. მთელი გზა დუშეთის ულამაზეს პეიზაჟებს ვათვალიერებდი და ფოტოებს ვიღებდი. დროდადრო კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი დამეწყრილ ადგილებს გვაჩვენებდა და დანანებით ამბობდა, რომ ეს მხარე ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ბუნებრივი კატასტროფების თვალსაზრისით და თუ დროდადრო პრევენციული სამუშაოები არ ჩატარდა, კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მივალთ.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დუშეთის ულამაზესი პეიზაჟებით შექმნილი კარგი განწყობა ზემო მლეთაში ჩასვლისთანავე შემეცვლებოდა. ეს რვაკომლიანი დასახლება ზედ არაგვის პირზეა გაშლილი. დროდადრო, განსაკუთრებით – გაზაფხულზე, თოვლის დნობისას, არაგვი დიდდება ხოლმე. ამავე დროს, მთებიდან ჩამოტანილი ღვარცოფი დასახლების წინ არაგვს კეტავს და დაგუბებული წყლით ზემო მლეთა რამდენიმე წუთში იტბორება.

ზემო მლეთაში სახლების უმეტესობა ორსართულიანი ქვისგან ნაგები შენობებია. თუმცა,  მათი დიდი ნაწილის პირველი სართულები მთლიანად ქვა-ღორღით არის დაფარული და ზედაპირზე აღარ ჩანს.

პირველი, ვისაც მლეთაში ჩასვლისას გავესაუბრეთ, ხატია ნაზღაიძის ბებიაა. სამი წლის ხატია შარშან, არაგვის მორიგი ადიდებისას მდინარეში ჩავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა. მისი და  ზემო მლეთაში მცხოვრები კიდევ თხუთმეტამდე ოჯახი ადგილიდან სასწრაფო გასახლებას საჭიროებს.

როგორც სოფლის მოსახლეობა გვიყვება, წყალდიდობების სეზონის დაწყებისთანავე, სოფლის მაცხოვრებლები დღე და ღამე მდინარეზე მორიგეობენ, რათაა საფრთხის შემთხვევაში, სოფლის მცხოვრებლებმა დროულად გაასწრონ სტიქიას.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ მლეთას ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული პრობლემები ათეულობით წლებია, აწუხებს, მოსახლეობის გასახლების პროცესი ჯერაც არ დაწყებულა.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ დღემდე ვერ გამოიჩინა ნება ამ ხალხის დასახმარებლად. ჩვენ და სხვა ორგანიზაციებმა არაერთხელ გავეცით რეკომენდაცია და აღვნიშნეთ, რომ ამ ადგილზე მოსახლეობის ყოფნა საშიშია და საჭიროა მათი სასწრაფო გასახლება“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი და ამატებს, რომ აქ  ყოველ წუთსაა მოსალოდნელი მდინარის დონის მოულოდნელი აწევა.

სასწავლო ტურში მონაწილე ჟურნალისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს, იოსებ ზაქაიძესაც შევხვდით.  მისი თქმით, წლის ბოლოსთვის სახელმწიფო მლეთაში მცხოვრებ ყველა ოჯახს 7-7 ათას ლარს გადასცემს.

„თანხა უკვე დარიცხულია. თუმცა, მიწის ნაკვეთების პრობლემაა მოსაგვარებელი. თავად მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ თანხა არ გაიცეს, ვიდრე ახალი დასახლების ტერიტორია, რომელიც ამ ეტაპზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არ გადმოვა“, – აღნიშნავს ზაქაიძე.

პრაქტიკაში არსებული პრობლემების გარდა, კვლავ პრობლემად რჩება ეკომიგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების საკითხიც. ამიტომ, ზემო მლეთელების პრობლემები, სავარაუდოდ, არც მას შემდეგ დასრულდება, რაც ისინი ახალ სოფელში გადავლენ საცხოვრებლად.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით, სტიქიური მოვლენის ან ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის შედეგად იძულებული გადააგილებული პირებიც „დევნილის“ ცნებაში მოიაზრება. თუმცა, ქართული კანომდებლობა დევნილების ცნებაში ეკომიგრანტებს არ მოიაზრებს. შესაბამისად ეკომიგრანტებზე არ ვრცელდება ის შეღავათები, რაც კონფლიქტის შედეგად დევნილობაში მყოფ მოქალაქეებზე ვრცელდება.

Advertisements
This entry was posted in ეკომიგრანტები and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s