წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე თბილისში

გიორგი ჯანელიძე, hridc.tv

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი,  ადამიანის უფლებათა ცენტრთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე მეთორმეტე წელია, აღნიშნავს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

წელს 26 ივნისს ამ დღის აღსანიშნავად მოწყობილი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიც იყო. სახლის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილით ვერის პარკში შეიკრიბნენ, სადაც გაშალეს ლოზუნგი: „არ აწამო, იწამე ადამიანი“.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარებაა საპატიმროებში, სადაც წლიდან წლამდე იზრდება როგორც წამების მსხვერპლთა, ასევე გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა. სულ უფრო მეტი ფაქტი ხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში.

15:00 საათზე „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში მოეწყო ნიკა მაჩაიძის ფილმის ჩვენება და დისკუსია წამების თემაზე. აქვე გამოვლინდა გამარჯვებულები ჟურნალისტურ კონკურსში – „ადამიანის უფლებები – ფოკუსი წამებაზე“, რომელიც ჩაატარა წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით.

ჟურნალისტური კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი,  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრის კოორდინატორი, humanrights.ge-ს მთავარი რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი, პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მთავარი რედაქტორი გიორგი კუპატაძე.

„საერთო შთაბეჭდილება არ არის ნეგატიური, რადგან კონკურსში ბევრი მასალა იყო წარმოდგენილი და გამიხარდა, რომ ჟურნალისტები ამ თემაზე მუშაობენ. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც სამწუხაროდ, არ იყო დაცული პროფესიული სტანდარტები და ეთიკის ნორმები.  საქმე წამების ფაქტს როცა ეხება, ჟურნალისტებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ  წამების ზედმეტი აფიშირება, ზედმეტად ნატურალისტური წარმოჩენა და წამების მსხვერპლთათვის მტკივნეული დეტალებზე აქცენტირება, შესაძლებელია, დამატებითი ტკივილი იყოს დაზარალებულისთვის“, – აღნიშნა ნინია კაკაბაძემ კონკურსის შედეგების შეჯამებისას.

ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ბლოგერის ნომინაციაში გამარჯვებული წელს არ გამოვლინდა. ნომინაციაში „ჟურნალისტური გამოძიება“ დაჯილდოვდა სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი მაგდა მემანიშვილი ფილმისათვის – „წამება საქართველოს ციხეებში“; ნომინაციაში – „საუკეთესო რადიოსიუჟეტი“ დაჯილდოვდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი რადიოსიუჟეტისთვის „რატომ არ გადაუვადეს დაავადებულ პატიმარს სასჯელი“; საუკეთესო ტელესიუჟეტის ნომინაციაში დაჯილდოვდა ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე  „პალიტრა ტვ“-სთვის მომზადებული ტელესიუჟეტისთვის „რა ხდება საქართველოს ციხეებში“; საუკეთესო სტატიის ნომინაციაში გაიცა ორი პრემია: I პრემია გადაეცა „ლიბერალის“ ჟურნალისტს ზურაბ ვარდიაშვილს სტატიისთვის „მკურნალობის ფორმა – ცემა“, II პრემია კი გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს სალომე აჩბას, სტატიისთვის „უფლებამოსილების გადამეტებად გასაღებული წამების ფაქტები“.

I პრემიის სახით ჟურნალისტებს 700-700 ლარი გადაეცათ, ხოლო II პრემიის სახით – 500 ლარი.

„ძალიან კარგი და სასარგებლო კონკურსი იყო ზოგადად, რადგან ასეთი კონკურსები სტიმულს აძლევს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების თემაზე მუშაობენ“, – აღნიშნა მაგდა მემანიშვილმა, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა.

საღამოს არასამთავრობო ორგანიზაციები გლდანის მე-8 საპყრობილესთან შეიკრიბნენ და წამების მსხვერპლი პატიმრების სოლიდარობის ნიშნად საჰაერო ფარნები გაუშვეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ წამების მასვერპლ პატიმრებს.  გლდანის მე-8 საპყობილის წინ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ამ დაწესებულებაში ძალიან ხშირია წამება და არაადამიანური მოპყრობა“, – აღნიშნა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა, ნინო ღვედაშვილმა.

ეკა ფოფხაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეუერთდა ამ აქციას. ვიცით, რომ გლდანის საპყრობილე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია და პატიმართა უფლებები ყველაზე ხშირად სწორედ ამ დაწესებულებაში ირღვევა. პატიმართა სიკვდილიანობისა და წამების გარდა, შემაშფოთებელია ჯანდაცვის არასათანადო მომსახურება, რაც წამებას უთანაბრდება“.

შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი: „მე სოლიდარობას ვუცხადებ ამ აქციას. პატიმრების წამება და არასათანადოდ მოპყრობა არის ძალიან სერიოზული თემა. მარტო შარშან ოფიციალური მონაცემებით, 140 პატიმარია არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. წელსაც ოფიციალური სტატისტიკით 50-ზე მეტი ადამიანია უკვე და კვირა არ გავა, რომ არ გავიგოთ გარდაცვლილი პატიმრების შესახებ“.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, შეწყდეს წამება საქართველოს ციხეებში.

ვიდეო

Advertisements
This entry was posted in გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოება, შეკრების თავისუფლება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s