Welcome to – საერთო სამაგისტრო გამოცდები 2012

ნინო ცაგარეიშვილი

პასტა, რომელიც გამოცდაზე შეიძლება გალღვეს და დაიღვაროს, საგამოცდო მერხზე მოხტუნავე კალია და ორმაგი სტანდარტები პასუხების ფურცლის გამოცვლის საკითხში – welcome to საერთო სამაგისტრო გამოცდები 2012.

მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გადაყენების ამბავი რომ გავიგე, ცოტა არ იყოს შევშფოთდი. შფოთის მიზეზი მარტივი იყო. 2006 წელს საერთო ეროვნულმა გამოცდებმა აღმაფრთოვანა ამ ქალბატონის ორგანიზატორული ნიჭით და ძალიან მინდოდა, იგივე განმეცადა 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, რომელიც კარზე იყო მომდგარი. (რა ვქნა, perfectionist egoist-ი ვარ).

ჩემმა შფოთმა უნიკალური გამოვლინებები ჰპოვა. მაგალილთად, როცა შემთხვევით ტელევიზორში ყური მოვკარი, რომ პლასტიკური ბარათების დარიგება დაიწყო, ეგრევე ტელეფონს ვეცი და მოვითხოვე აღნიშნული ინფორმაციის განთავსება naec.ge-ს საერთო სამაგისტრო გამოცდების გვერდის სიახლეების განყოფილებაში.

ისე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ მსგავსი შეტყობინებები თვითონ უნდა გამოგვიგზავნონ იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც რეგისტრაციისას თავად გამოგვართვეს და ჩვენ არ უნდა ვიქექებოდეთ ყოველ დღე სიახლეების მოლოდინში.

ანუ, ამ შემთხვევაში მინიმუმს ვითხოვდი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორი „მაგრად მეკაიფა“ – მთელმა ქვეყანამ იცის, ბარათები რომ რიგდება და შენ რით ვერ გაიგეო?

არადა, ბევრს რას ვითხოვდი? საერთო სამაგისტრო გამოცდების პლასტიკური ბარათების დარიგების შესახებ ინფორმაციის განთავსებას საერთო სამაგისტრო გამოცდების გვერდზე!!!

რა გასაკვირია და, ცხელი ხაზი ერთგვარი warm-up აღმოჩნდა ჩემს სამაგისტრო ეპოპეაში. თურმე, ყველაფერი წინ მაქვს!

ხო, სანამ თხრობას გავაგრძელებ… რა ამბავია 50 ლარი გამოცდებზე გასასვლელად! თან წესიერად არც გიმხელენ (თანხის ზუსტი რაოდენობა საიტზე არ წერია. „გადახდის შესაძლო საშუალებებისა და ტარიფების განყოფილება“ იხსენიებს მხოლოდ საეჭვო რაოდენობის 50 თეთრს – საკომისიო თანხას! არცერთი სიტყვა 50 ლარზე!). არგუმენტი? „შარშანაც 50 ლარი არ ღირდა?“ (ეს არის არგამხელის არგუმენტი, თანხის სიდიდის „გასაპრავებელი“ არგუმენტი არ გეგონოთ!) უკაცრავად, მაგრამ, რამდენადაც გულგრილ ადამიანად არ უნდა ჩამთვალოთ, სულ არ მაინტერესებს, რა ღირდა შარშან ეროვნული გამოცდები (არც შარშანწინ).

თუმცა, რადგანაც საიტი მხოლოდ საეჭვო 50 თეთრს მოიხსენიებდა, იძულებითი ინტერესი აღმეძრა და გადავწყვიტე, გამერკვია, რა ღირდა წინა წელს სამაგისტრო გამოცდები.

ჩემი მეგობარი შორენა ამ გაურკვევლობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მას ბანკში მხოლოდ 10 ლარი გადაახდევინეს და რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდა. არადა, რეგისტრაციის ბოლო დღე იყო. ანუ, ბოლო წუთებში, ისიც იძულებული გახდა, გაერკვია, რა ღირდა შარშან სამაგისტრო გამოცდები.

გამოცდა

თხრობას ვაგრძელებ უშუალოდ გამოცდის დღით. გამოცდაზე მე და შორენა გამოვცხადდით დანიშნულ დროზე (3 საათზე) ცოტა ადრე. რეგისტრაცია 3-ზე დაიწყო და ერთი საათი გაგრძელდა. ჩემს აუდიტორიაში შევედი დაახლოებით 3:50-ზე.

აუდიტორიაში შესვლისას თავი უცხოდ ვიგრძენი. კურატორი ქალბატონი და აუდიტორია საოცრად თბილად და მეგობრულად ებაასებოდა ერთმანეთს. ცოტა შემაშფოთა აუდიტორიის მისამართით კურატორი ქალბატონის ფამილარულად (ლამის თვალის ჩაკვრით) ნათქვამმა წინადადებებმა: „გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ“, „აი, ასე მოხდა შარშან“. კურატორი ახალშემოსულს აშკარად მაიგნორებდა და არ უნდოდა ჩემთვის ზუსტად ეთქვა, რა მოხდა შარშან!!! ეს ფრაზები თავში მეხივით მირტყამდა: „ნეტა რა მოხდა შარშან?“ „რა ვქნა ახლა, ვიკითხო რა მოხდა შარშან?“ მოკლედ, წესების არაფორმალურად გაცნობის სუნი მეცა!!! (არადა, წესების გაცნობა ყველა მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ უნდა დაიწყოს და არა მანამდე! ეს არსად არ წერია! მარტივი ჭეშმარიტებაა!).

ჩემს შემდეგ ერთი ბიჭი შემოვიდა და გონგიც ჩაირთო.

კურატორმა წესები ისე სულმოუთქმელად წაიკითხა, ცრემლები მომადგა – რატომ მებრძოდა ეს ქალბატონი ასე ძალიან?!

კურატორმა ქალბატონმა სწრაფი კითხვა დაამთავრა. ამ მომენტისათვის მე უკვე პარალიზებული ვიყავი…

სცენაზე შემოდის კურატორი მამაკაცი.

კურატორი მამაკაცი კურატორ ქალბატონს ყველაფერში ეთანხმებოდა. თუმცა, ზოგჯერ საკუთარ აზრსაც გამოთქვამდა.

კურატორმა მამაკაცმა დაარიგა სპეციალური პასტები. ერთმა გოგონამ პასტა ხელში დაიჭირა.

კურატორმა მამაკაცმა გოგონას ასეთი რამე უთხრა: „სანამ წერას დაიწყებ, პასტა ხელში არ დაიჭირო, ეს სპეციალური, გერმანული მარკის პასტაა, მისი ხელში დიდხანს ჭერა არ შეიძლება. შეიძლება გალღვეს და დაიღვაროს“. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს კაცი ამას სრული სერიოზულით ამბობდა.

ამ მომენტში ვიგრძენი, რომ სამყაროს ისევ ვჭირდები და რაც ძალი და ღონე მქონდა, ავკისკისდი.

კურატორმა მამაკაცმა თვალი თვალში გამიყარა და გამყინავად აღმოხდა: „რაზე გეცინება?“ „რა არის აქ სასაცილო?“

„პასტა რომ შეიძლება გამოცდაზე ხელში ჭერით გალღვეს და დაიღვაროს, მაგაზე მეცინება“, – ვუპასუხე მე.

კურატორი მამაკაცი ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა.

პასუხების მონიშვნა

ვაღიარებ, რომ საგამოცდო ფურცელზე გარკვევით ეწერა, როგორ უნდა მომენიშნა პასუხები, კერძოდ, რომ პროგრამა კითხულობს მხოლოდ ჯვარედინ მონიშვნას, შეცდომის შემთხვევაში კი საჭიროა, გაშავდეს მთელი უჯრა.

მაგრამ, ჰოი საოცრებავ, მეათე პასუხზე გამახსენდა, რომ ჯვარი უნდა გავაკეთო. მანამდე, ე.წ. „პწიჩკები“ ვაკეთე.

კურატორმა ქალბატონმა პანიკაში ჩამაგდო – არ ჩაგეთვლება ეს პასუხებიო – და მოიხმო უფროსი ზედამხედველი საგამოცდო ცენტრიდან. უფროსმა ზედამხედველმა განაცხადა, რომ ახალი პასუხების ფურცელი უნდა მომცენ. ოღონდაც – ჩემს კურატორებს ზედმეტი პასუხების ფურცელი არ აღმოაჩნდათ (თუ ზედმეტი პასუხების ფურცელი არ ჰქონდათ, საინტერესოა რა მოხდებოდა, ვინმეს ხარვეზიანი ფურცელი რომ აღმოჩენოდა. ინსტრუქციებში ეწერა, რომ ხარვეზიანი ფურცელი ახლით უნდა შეიცვალოს). ამ დროს, კურატორმა მამაკაცმა ძალიან იაქტიურა და შეთანხმდნენ, რომ პასუხები გადამესწორებინა და ე.წ. „პწიჩკებზე“ ჯვრები გადამეხაზა.

მე არ ვიცოდი, რა ხდება ამ შემთხვევაში. შესაბამისად, მითითებას დავემორჩილე და „პწიჩკები“ ჯვრებად გადავასწორე. ამის შემდეგ ჩემი პასუხების ფურცელი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი.

ძალიან გავოცდი მეორე დღეს, როცა ჩემს აუდიტორიაში იგივე მიზეზით (პასუხის არასწორი გზით მონიშვნისთვის) სამ მაგისტრანტს შეუცვალეს პასუხების ფურცელი. ასევე, დროც დაუმატეს ახალი მონიშვნების გასაკეთებლად. ზედმეტი პასუხების ფურცლები კი სხვა აუდიტორიიდან შემოიტანეს. ჩემი შემთხვევა ახალ კურატორებს როცა გავუზიარე, მითხრეს, რომ პასუხების ფურცელი უნდა შეცვლილიყო.

ვაღიარებ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა ინსტრუქციის წაკითხვისას, მაგრამ ჩემი პრეტენზია ისაა, რომ ამ შემთხვევაში, განსხვავებულმა წესებმა იმოქმედა ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ. თუ სხვა მაგისტრანტები უზრუნველყვეს პასუხების ფურცლის შეცვლის უფლებით არასწორი გზით გაკეთებული მონიშვნის გამო, იგივე წესს უნდა ემოქმედა ჩემთვისაც. ასევე, ის არგუმენტი, რომ ზედმეტი პასუხების ფურცელი არ ჰქონდათ, იყო სიტუაციიდან თავის დაძვრენისა და იოლი გამოსავლის პოვნის ხერხი, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, ზედმეტი პასუხების ფურცლის მოძიება შესაძლებელი აღმოჩნდებოდა ხარვეზიანი პასუხების ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში.

თუ პასუხების გადასწორება ამ შემთხვევაში იყო გამოსავალი, მაშინ უფროს ზედამხედველს არ უნდა ეთხოვა პასუხების ფურცლის გამოცვლა. ფაქტია, რომ თავდაპირველად, უფროსმა ზედამხედველმა პასუხების ფურცლის გამოცვლის რეკომენდაცია გააკეთა და მას შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, რაც ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი პასუხების ფურცელი არა აქვთ.

მოვუწოდებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, საერთო წესები შეიმუშავოს ყველა კურატორისა და  მაგისტრანტისათვის და არ დაუშვას სტუდენტთა ნაწილის პრივილეგირებული მოპყრობა და სხვების დაჩაგვრა.

კალია X

მხიარულ ნოტაზე რომ დავასრულოთ, შორენას აუდიტორიაში დატრიალებულ ამბავს გაგიზიარებთ.

ესე იგი, მეორე დღეს, როცა მე ჩემს უფლებებს თავგამოდებით ვარკვევდი, შორენას აუდიტორიაში (მე-9 სართულზე), თურმე, ფანჯრიდან შემოხტა გარუკვეველი წარმოშობის კალია, რომელიც დაახტა ზუსტად იმ გოგონას საგამოცდო მერხს, „რომელსაც ცხოვრებაში არაფრის ეშინია, კალიების გარდა“ (შორენას გადმოცემით). ამაზე, თურმე, კურატორი გაეხუმრა, „წმინდა პეტრე კალიებით იკვებებოდა და შენ რისი გეშინიაო“.

მოკლედ, პასტის ეკონომიურად ჭერა, კალიების მოგერიება და კიდევ, ღმერთმა უწყის, რა ჩვევებია საჭირო საქართველოში მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s