ნატო…

ნინო ღვედაშვილი

ნატოს შავები არ უხდება, ნატოს ცრემლი არ სჭირდება… მე ნატო უცრემლოდ, შავების გარეშე გავაცილე, ისეთი, როგორიც თვითონ იყო – ფერადი, მშვიდი, სიცოცხლითა და იმედით სავსე.

ვერაზე ძველი, მაღალჭერიანი ფართე ოთახის შუაგულში წევს. მის უკანასკნელ სასთუმალს ულამაზესი შარფი ამშვენებს. „ზღვაზე ეკეთა ხოლმე… სუდარა არ გადამაფაროთო, რომ მოვკვდებიო, ამბობდა“, – ლელამ ჩამჩურჩულა ყურში, ჩემი დაჟინებული მზერა რომ შეამჩნია ლაჟვარდისფერ შარფზე. სუდარას არც მოველოდი და არც შარფი გამკვირვებია, უბრალოდ, მისმა სილამაზემ გამიშტერა მზერა. ვერასოდეს ვხვდებოდი, რა ფერია ლაჟვარდი – ლურჯი თუ ცისფერი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნატოს შარფი ლაჟვარდისფერია, მუქი ლაჟვარდისფერი, ათასფერი ბრჭყვიალა ნაქარგებით გარშემორტყმული. სურათი, რომელიც ნატოს ნაცვლად მიყურებს, თითქოს ცოცხალია, მიღიმის და სადაცაა დამელაპარაკება – აუღელვებლად, თავდაჯერებით, სიყვარულით… სურათზეც შარფი უკეთია, ისიც ჭრელი და მხიარული…

არა, ნატოს შავები არ უხდება!

ნატო და პროფესია

ნატო – ფსიქოლოგი, ფსიქოტერაპევტი, ტრენერი, მედიატორი, რეჟისორი, სცენარისტი… საქართველოს ფსიქოტრავმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, „საფარის“ დირექტორი, თბილისის ადამიანიას უფლებათა სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, GCRT-ის საძირკველი და სულისჩამდგმელი…
ნატოს ბენეფიციარები: ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, წამების მსხვერპლნი, ომის შედეგად დაზარალებულნი, არასრულწლოვნები და სხვ.

GCRT

2000 წლიდან ნატო GCRT-ში იწყებს მუშაობას. ის იყო რეაბილიტაციის ცენტრის სულისჩამდგმელი. ორგანიზაციის დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ამბობს: „ნატო რომ არა, GCRT-ც არ იქნებოდა ფაქტობრივად, ყოველ შემთხვევაში – ამ ფორმით. 2000 წელს ნატალია დაუკავშირდა ნინო მახაშვილს და უთხრა, რომ მისი ნაცნობი ესტონელი ფსიქიატრი ჩამოდის საქართველოში გარკვეული მისიით – ნახოს ადგილობრივი პროფესიონალები, საჭიროებები და გადაწყდეს, დაფუძნდეს თუ არა საქართველოში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. მოკლედ, ამ ხალხმა მოიარა სხვადასხვა ადგილები, მოინახულა სხვადასხვა ხალხი და არჩევანი ნინოზე და ნატოზე გააკეთა. ასე დაფუძნდა GCRT“.

ნატო დაფუძნების დღიდან ძალიან აქტიურად ჩაერთო საქმიანობაში. თუმცა, მალევე ავად გახდა. ლელა ამბობს, რომ „რამდენიმე თვის განმავლობაში გამქრალი იყო და ვიცოდით, რომ ძალიან ცუდად არის. თუმცა, მაშინ გამოძვრა, დაბრუნდა სამსახურში და მთლიანად გადმოერთო მუშაობაზე. რასაც ქვია, თავი მიუძღვნა ამ საქმეს. მე სხვა ადამიანი არც ვიცი, ვინც ასეთი ვნებით იქნებოდა ჩართული იმ მძიმე საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და გარდა ამ ჩართულობისა, მუდმივად ასწავლიდა სხვებს და მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის“.

„ბოლო 12 წელი საოცრად ბევრს მუშაბდა. იმდენი რამ გააკეთა ამ 12 წელში, რასაც ბევრი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გააკეთებს. რაღაცნაირად, ყველაფრის მოსწრება უნდოდა“,- იხსენებს ანი გოგორიშვილი, რომელსაც ნატოსთან 32-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

„ეს წლები იყო ინტეგრირებული ადამიანის ღირსეულად ნაცხოვრები წლები“, – ამბობს ნატოს მეგობარი ფსიქოლოგი ნინო მახაშვილი.

„ძალიან ფაქიზი და დელიკატური ადამიანი არის, – აწმყო დროში აგრძელებს ლელა ნატოზე ლაპარაკს – GCRT-ში შემაერთებელი ქსოვილია – ყველას ერთმანეთთან აკავშირებს, ყველას ტკივილი იცის, პრობლემა, ძლიერი და სუსტი მხარე, და იცის, ვის როგორ მიუდგეს. მიქსი იყო აქტივისტის და ვიზიონერის. მუშაობაში მუდმივად ვგრძნობდით და ვავსებდით ერთმანეთს – რაც მე არ მაქვს, იმას აქვს და პირიქით, ამიტომ კარგად გამოგვდიოდა ბევრი რამე ერთად. ეხლა მგონია, რომ ძალიან ბევრი რამე გამომრჩება“.

საფარი

მოგვიანებით, ნატო სათავეში ჩაუდგა ოჯახური ძალადომის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზაციას – „საფარი“. მისი თანამშრომლები იხსენებენ, რომ ნატომ ეს ორგანიზაცია ააღორძინა, თავშესაფარი ამოქმედდა და ბევრ ბენეფიციარს დაეხმარა.

„ქალთა სფეროში ძალიან ბევრს აკეთებდა, მართლა grassroot movement ქონდა წამოწყებული და უნარი ჰქონდა, რომ ეს grassroot ამბები policy level-ზე შეეტანა. ბავშვებთან უამრავს მუშაობდა და უამრავს აკეთებდა, არაფერი ეზარებოდა. და ამ 12 წელიწადში რაც GCRT და საფარში მუშაობს იმდენი სიკეთე აკეთა, იმდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, იმდენ უმცროს კოლეგას ასწავლა რაღაცეები და მაგალითი მისცა…“- ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

ნინო მახაშვილი: „პაციენტი უყვარდა, ისე უყვარდა, რომ ზედ გააკვდებოდა. იცოდი, რომ ნატაშკას ხელში დაცული იყო ეს პაციენტი. იცოდი, რომ ბოლომდე მიხედავდა“.

განრიდების პროგრამა

ნატო 2 წლის წინ სათავეში ჩაუდგა განრიდების პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს – მედიაცია. ნატო პროკურორებს განსხვავებული კუთხიდან აჩვენებდა ბავშვთა პრობლემას, რითაც, როგორც იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, ძალიან ბევრი რამ შეცვალა ბავშვთა ზრუნის საკითხებში. ნატოს დიდი დამსახურებაა, რომ ბევრად უფრო მეტ ბავშვს ახლა აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, მეორე შანსი, რომ ცხოვრება დაიწყოს ახალი ფურცლიდან.

იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური იხსენებს: „ქ-ნი ნატალია ზაზაშვილი დაწყებისთანავე ჩაერთო პროგრამაში. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ განრიდების პროგრამა ემყარება სრულიად ახალ მეთოდს – ეს არის მედიაციის მეთოდი, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა და რომ არა ქ-ნი ნატო, სისხლის სამართლის მედიაცია ჯერ განვითარებული არ იქნებოდა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან რთულია ასეთი პროფესიონალის დაკარგვა. თუმცა, მან დატოვა ძალიან დიდი გამოცდილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ, რაც თავისთავად გადაითარგმნება, რომ უფრო მეტ არასრულწლოვანს ექნება შესაძლებლობა, სასჯელი მოიხადოს ალტერნატიული ფორმით და ამაში ქ-ნი ნატოს წვლილი მართლაც რომ ძალიან დიდია“.

მისი წვლილი პროგრამაში იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტრო მისი სახელობის ფონდის ჩამოყალიბებას გეგმავს: „ჩვენ ვაპირებთ, რომ ნატალია ზაზაშვილის სახელობის ფონდი შევქმნათ, რომლის ბენეფიციარებიც იქნებიან ისეთი ბავშვები, რომელთაც გარკვეული შინაარსის პრობლემები აქვთ და ეს ფონდი მოემსახურება ამ ბავშვების დახმარებას. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, რომ ნატომ სიკვდილის შემდეგაც განაგრძოს ბავშვების დახმარება“, – გვეუბნება ანდრო გიგაური და ამატებს, რომ „ჩვენთვის ეს არის არნახული დანაკარგი რომლის სრულად კონპენსირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“.

ცოტა რამ ნატოზე

50 წელი 26 აპრილს შეუსრულდა. სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა და იმავე წელს თეატრალურზე მოეწყო მეორად ფაკულტეტზე – სარეჟისორო. მეორად პროფესიას არაჩვეულებრივად იყენებდა თავის საქმიანობაში. გააკეთა ფილმი ოჯახურ ძალადობაზე.

მომავალი მეუღლე სარეჟისოროზე სწავლისას გაიცნო. როგორც მისი მეგობარი ანი გოგორიშვილი გვიყვება, „ძალიან დიდი სიყვარულით შექმნა ოჯახი და ბოლომედე ასეთი დიდი სიყვარული ჰქონდა. ორივეს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდათ; არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს“.

ნინო მახაშვილი ამბობს, რომ „ძალიან უყვარდა თავისი ქმარი და როცა ლევანზე ბრაზობდა, ლევანი ეტყოდა ხოლმე, რატომ ბრაზობ ნატალია,? მე ხომ მაღალი ვარ, სიმპათიური და ნიჭიერი. ნატალია იცინოდა და ვეღარ ბრაზობდა. საქმე და თავისი შვილი – ივანე ასულდგმულებდა ეს წლები“.

პირველს, რომელსაც იმედი ჰქონდა რომ მოერეოდა ამ ავადმყოფობას, იყო თვითონ, მერე მისი მეუღლე – ლევანი და მისი მეგობარი ანი. „თვითონ გვაძლევდა ამის რწმენას, რომ მე ამას მოვერევი და მართლაც მოერია. მოერია და თან როგორი აქტიური ცხოვრებით იცხოვრა. მერე, მე მგონია, რომ დაიღალა, თორემ ახლაც მოერეოდა“.

არასოდეს საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, არც კი დაუწუწუნია არასდროს. ამ პატარა ადამიანს ჰქონდა ისეთი ძალა, რომ ბოლო წუთამდე მხიარულად იყო, მის გარშემო ადამიანებსაც არ აძლევდა უფლებას, ტრაგედია შეექმნათ.

„უშრეტი ენერგიის ადამიანია. ამ თავის ავადმყოფობაშიც ისე მოქმედებდა, რომ აქეთ სხვებს აწყნარებდა და იმდენად არ იმჩნევდა, რომ ირგვლივ ხალხს დააჯერა, არაფერი მოუვიდოდა. ამიტომაც ძალიან ბევრისთვის შოკი იყო მისი გარდაცვალება. ყველამ იცოდა, რომ ასეთი რთული ოპერაცია გადაიტანა და სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ იმდენად აქტიურად იმუშავა ოპერაციის შემდეგაც, იმდენად არ იმჩნევდა, ყველას ეგონა, რომ გამოძვრა, ძალიან ახლობლებსაც. მოკლედ, ასე სიჩუმეში ატარებდა ამ სიკვდილის მოახლოვებას და არავის ამაზე ლაპარაკის უფლებას ან საბაბს არ აძლევდა“, – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

ნინო მახაშვილი: „გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალო ფსიქოლოგი. ნათელი, სხივებიანი ადამიანი იყო. ეს წასვლაც მისი გადაწყვეტილება იყო, ასე მგონია. სხვა მოგზაურობებში წავიდა გოგო. პატარა, კოხტა ქალი იყო მებრძოლი სულით, უკომპრომისო“.
* * *

26 ივნისს ნატო უკანასკნელად გაუძღვა საჯარო დისკუსიას წამების თემაზე. ომის დროს ძალადობის მსხვერპლის ისტორია წაგვიკითხა წიგნიდან – მე მქვია… და ასე დაასრულა: „ყოველთვის, როცა რაღაც საშინელ ისტორიას ვისმენ, მგონია, რომ ამაზე უარესი რაღა შეიძლება მოვისმინო, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველი ახალი, წინაზე უარესია სისატიკით“.

თეა თოფურია, ჟურნალისტი: „რაც ნატოს ხალხის გაჭირვება ჰქონდა ნანახი და მოსმენილი, ნახევარი მაინც რომ მიიტანო გულთან, ისიც გეყოფა სასიკვდილოდ“ :(((

მინდა, ეს წერილი ნატოს წერილით დავასრულო, რომელიც არაერთხელ გამხსენებია და გავუმხნევებივარ:

1 მარტი, 2012

„ნინ, როგორ ხარ? მძიმე დრო გადაიტანეთ სუყველამ, მაგრამ შენს მხრებს განსაკუთრებული სიმძიმე დააწვა . რას იზამ, ცხოვრება მძიმეა ხანდახან . ამ ბოლო დროს, ჩემი შვილი სულ ერთი და იგივეს იმეორებს: რაც არ გკლავს, გაძლიერებს – მართლაც ასეა, მე ამაში ჩემმა ავადმყოფობამ დამარწმუნა, ასე რომ . . . . გკოცნი ბევრს და მეც ძალიან მიყვარხარ… .“

Advertisements
This entry was posted in საზოგადოება, უფლებადამცველები, Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to ნატო…

  1. nino makhashvili ამბობს:

    კარგი სტატიაა, ნინო, ძვირფასო… სითბოთი, სიყვარულით და პატივისცემით სავსე… ნატაშკასაც მოეწონებოდა 🙂 ყველაფერს ვერ ჩაატევ ერთ სტატიაში, მაგრამ მისი პორტრეტის ძირითადი შტრიხები მოგიხაზავს… მადლობა ყველა მეგობრის და კოლეგის სახელით!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s