მე, დეპორტირებული მესხები და BRAVE KIDS

სალომე აჩბა

დეპორტირებული მესხების თემით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც 3 წლის წინ, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაცია „ტოლერანტის“ ტრენინგს დავესწარი. ტრენინგის ძირითადი თემა იყო – როგორ გავაშუქოთ დეპორტირებული მესხების პრობლემები მედიაში.

სიმართლე გითხრათ, ამ სემინარამდე, საქართველოს ბევრი სხვა მოქალაქის მსგავსად, მეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი დეპორტირებული მესხების შესახებ. ერთადერთი, რაც მათ შესახებ მსმენოდა, იყო ტერმინი – „თურქი-მესხები“ (ასე უწოდებენ ხოლმე დეპორტირებულ მესხებს საქართველოში).

მხოლოდ მოგვიანებით, დეპორტირებული მესხების უშუალოდ გაცნობისა და მათთან გასაუბრების შემდეგ გავარკვიე, რომ თავად მათ, ძალიან არ მწონოთ როცა თურქ-მესხებს, ეძახიან. „თუ თურქი ვარ, მესხი როგორღა გამოვდივარ?!“ – მითხრა ერთხელ ჩემმა მესხმა რესპონდენტმა, ნახევრად ხუმრობით.

მას შემდეგ ეს ტერმინი – „თურქი მესხი“ არც უბრალოდ პირად საუბრებში და ბუნებრივია, არც სტატიებში არასოდეს გამომიყენებია.

ჟურნალისტებისთვის ჩატარებული სემინარის შემდეგ, ასევე, აღმოვაჩინე, რომ დეპორტირებული მესხები ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ და მას შემდეგ, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ისევ სამშობლოს ძიებაში არიან.

თემა საინტერესოდ მეჩვენა და გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა პრობლემის არსი, ისტორიული კონტექსტი, დღეს არსებული დაბრკოლებები.

ისტორია

მესხეთში მცხოვრები მაჰმადიანი ხალხის ტრაგედია 1944 წლის ნოემბრიდან იწყება. იმ დღიდან, როცა ისინი სსრკ-ს საბჭოთა ხელისუფლებამ იძულებით აყარა თავიანთი სახლებიდან და პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით შუა აზიის გზას გაუყენა. 1945 წელს კი, მესხეთიდან დეპორტირებულ მაჰმადიანთა სახლებში, კომუნისტებმა ასევე იძულებით ჩაასახლეს 30 ათასამდე  ქრისტიანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ისტორიკოსების შეფასებით, მაჰმადიანი მესხების გადასახლების მიზეზი იყო სტალინის შიში, რომ თუკი სსრკ თურქეთთან ომს წამოიწყებდა, მესხეთში მცხოვრები ისლამის აღმსარებელი ადამიანები მხარს თურქეთს დაუჭერდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მესხების იძულებითი გადასახლებიდან 67 წელია გასული, ეს ადამიანები კვლავაც დეპორტირებულებად ითვლებიან. დღესდღეობით 400 ათასზე მეტი მესხი ძირითადად ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთსა და ყირგიზეთში ცხოვრობს. ისტორიულ სამშობლოში მათი რეპატრიაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფომ 2007 წელს, „რეპატრიაციის შესახებ“ კანონის მიღებით დაიწყო.

თუმცა, კანონში არსებული ხარვეზები, მესხებისათვის შექმნილი ბიუროკრატიული ბარიერები და არასაკმარისი პოლიტიკური ნება მათი რეპატრიაციისა, ხელს უშლის მესხების სამშობლოში დაბრუნების პროცესის სრულყოფილად წარმართვას.

დღეს

მეც, როგორც ჟურნალისტმა, სწორედ ამ სამი მიმართულებით დავიწყე მუშაობა, მოვიძიე მასალები, დავამყარე კონტაქტები  სახელმწიფო სტრუქტურებსა და ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამ თემაზე  მოვამზადე რამდენიმე სტატია და რადიოსიუჟეტი.

ყველაზე რთული, მესხების რეპატრიაციის თემაზე მუშაობისას, თავად რეპატრირებული მესხების ნდობის მოპოვება გახდა.

„ხან თურქებს გვეძახით, ხან თათრებს, ხანაც გვაბრალებთ – გინდათ, ქართველებს სამშობლო წაართვათო… თქვენ როგორ უნდა გენდოთ?!“ – მითხრა ერთხელ ჟურნალისტებზე განაწყენებულმა მესხმა რესპონდენტმა.

მართლაც, არ იყო მარტივი, მათთვის დამემტკიცებინა, რომ მე სკანდალებს არ ვეძებდი, რომ არ მივიჩნევდი მათ საქართველოს მტრებად და უბრალოდ, ვხედავდი პრობლემას და მინდოდა ამ პრობლემაზე მეწერა.

მართალია, რთული იყო, მაგრამ მაინც, ყოველი სტატიის დაბეჭდვის შემდეგ, ვცდილობდი ჩემი მესხი რესპონდენტებისთვის გამოქვეყნებული სტატიის მიწოდებას, რათა ენახათ, რა გამოვიდა, როგორ ვიმუშავე, რა დავწერე…  ყოველთვის ვეკითხებოდი მათ აზრს სტატიის შესახებ… ვინტერესდებოდი, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, თავად რას დაწერდნენ სხვანაირად.

მესხების ნდობის მოპოვებაში ძალიან დამეხმარა ასოციაცია „ტოლერანტიც“, რომელიც ახალციხეში მუშაობს და რომელთანაც ამ თემაზე უკვე დიდი ხანია, ვთანამშრომლობ.

საკმარისია, მესხებთან საუბარში ასოციაცია „ტოლერანტი“ და მისი ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ახსენო, რომ ყველა ბარიერი რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის მომენტალურად ქრება, რესპონდენტი იხსნება, გენდობა და ზოგჯერ, ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე, თავადვე იწყებს საინტერესო ისტორიების მოყოლას.

სულ მაინტერესებდა და ცოტათი მიკვირდა, რატომ უფრთხოდნენ მესხები ასე ძალიან ჟურნალისტებს. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, მესხებზე დაწერილ რამდენიმე ძველ სტატიას გავეცანი და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, ისტორიული ფაქტების დამახინჯება და ცალმხრივობა, მესხების საქართველოს მტრებად, ქართველებისთვის მიწების, ეროვნულობის, რელიგიის წართმევის მსურველებად წარმოჩენა – ეს იყო ის პრობლემები, რაც მესხების რეპატრიაციაზე მომზადებულ სტატიებში აღმოვაჩინე.

რასაკვირველია, ამ თემაზე საინტერესო, სიღრმისეული, სტატიებიც იწერება, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად არა. რატომღაც, ქართულ მედიაში მესხების რეპატრიაციის თემით, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება თუ ინტერესდება.

როგორ მოვხვდი Brave Kidsზე

მესხების თემაზე წერა ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთში humanrights.ge-ზე დავიწყე და მას შემდეგ ამ თემაზე მუშაობა ხშირად მიწევს. ასოციაცია „ტოლერანტისა“ და Brave Kids ფესტივალის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გადაწყდა, რომ ფესტივალ Brave Kids-ს დავსწრებოდი და გავაშუქებდი. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე ბავშვთან ერთად, მონაწილეობდნენ რეპატრირებული მესხი ბავშვებიც.

ფესტივალზე ბავშვები თავიანთ ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოადგენდნენ. მთავარი კი, რაც ამ ფესტივალის უნიკალურობას განაპირობებს, იყო ის, რომ ბავშვები ერთმანეთს თავიანთ ეროვნულ ცეკვასა და სიმღერას ასწავლიდნენ. ფესტივალის ფარგლებში მათ სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფიც ჩაუტარდათ.

ჩინეთი, უგანდა, ტანზანია, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, ნორვეგია, ბულგარეთი, ყირგიზეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ზიმბაბვე, საქართველო – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ფესტივალზე მონაწილეობდნენ.

Brave Kids, პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში გაიმართა, ხოლო საფინალო კონცერტი, სადაც ბავშვებმა სამი კვირის მუშაობის შედეგი და ერთობლივი, ინტერნაციონალური შოუ წარმოადგინეს, პარიზში, იუნესკოს შენობაში ჩატარდა. ფესტივალი  წელს სწორედ იუნესკოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართა.

„წელს საქართველოდან მართლაც ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებული მონაწილეები გვყავს. ჩვენ გვინდა, ეს ჯგუფი ფესტივალზე მომავალ წელსაც მოვიწვიოთ. მე ვისურვებდი, რომ ქართული სიმღერისა და ცეკვის არაჩვეულებრივი ტრადიცია არასოდეს დაიკარგოს“, – ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი გრეგორი ბრალი.

ეს ფესტივალი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას პოზიტიური სოციალური ცვლილებების განხორციელება. როგორც ერთ-ერთი არტისტული ლიდერი გვიყვება, კულტურული განსხვავებების გამო, თავდაპირველად, მარტივი არ იყო ბავშვების ერთმანეთთან დაახლოება. თუმცა, პრობლემები მალევე გადაიჭრა და ყველანაირი ზღვარი, რაც ბავშვებს ერთმანეთთან დამეგობრებაში ხელს უშლიდა, წაიშალა.

პოზიტიურ ცვლილებებზე ქართული ჯგუფის ლიდერი ნინო ბეგიშვილიც გვესაუბრა: „ამ სამი კვირის განმავლობაში ვამჩნევდი როგორ იცვლებოდნენ ბავშვები. თავიდან ძალიან მორცხვები, ჩაკეტილები იყვნენ. წარმოიდგინეთ, მათი უმეტესობა დიდ სცენაზე არასოდეს გამოსულა, ამ ფესტივალზე კი დიდი აუდიტორიის წინაშე მოუწიათ გამოსვლა. აქ ჩატარებულმა კონცერტებმა ბავშვებს თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა შემატა“, – ამბობს ნინო ბეგიშვილი, ქართული ჯგუფის ლიდერი.

ეს ფესტივალი უკვე სამი წელია, ტარდება. მომავალ წელს ფესტივალის მასშტაბის ზრდა იგეგმება.  მესხმა ბავშვებმა საქართველოდან, Brave Kids 2013-ზე მოწვევა უკვე მიიღეს.

Advertisements
This entry was posted in ბავშვები, დევნილები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to მე, დეპორტირებული მესხები და BRAVE KIDS

  1. guga ამბობს:

    dzalian sainteresoa, tavis droze ratom gaasaxles mesxebi, arc ise umizezod….da meore, exla mat arc saqartvelo adardebt da arc patriotizmi, sxva interesebic bevri aqvt.. mivesalmebi, tu vinme martla gulit moindomebs isev gaqartvelebas, magram dzalian bevr matgans vicnob, albat tqven( pativcemulo jurnalisto) da me bevri saerto nacnobi mesxi agmogvachndeba tavianti “shablonuri demagogiit” ,magram guldasawyvetia, rom mati repatriacia dges sxva interesebs emsaxureba….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s