ღმერთი როგორ წაახდენსა?!..

ელენე ჭუმბურიძე

ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი საზოგადოებას აშკარად ყურს ჭრიდა. „მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ“ – ამ სიტყვებმა ზოგს კაკო ყაჩაღი, ზოგს არსენა ოძელაშვილი, ზოგს კი – რობინ ჰუდი გაახსენა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია არ მალავს, რომ მემარცხენე პარტიაა, მაგრამ მდიდრებისთვის ქონების წართმების ხარჯზე ღარიბების დაპურების იდეამ ბევრს ულტრამემერაცხენე ბოლშევიკები და გასული საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიები გაახსენა. მითუმეტეს, იმ პერიოდისთვის ერთობ პოპულარულ სიტყვას – „გაკულაკებას“ ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა. ამიტომ „ტყის საძმოს“ დამატებით არაერთხელ მოუწია განმარტებები, რომ ქონებაწასართმევ მდიდრებში მხოლოდ უკანონოდ გამდიდრებულები იგულისხმებიან, რომლებიც ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ელიტაში იყრიან თავს.

„მე გპირდებით, რომ ჩვენ გამოვაქვეყნებთ სიას იმ კრიმინალ-ოლიგარქებისა, ვისაც გავაკულაკებთ! წაიკითხავთ და ნახავთ გვარებს! იმის იქით არ გავალთ. მათ ექნებათ უფლება, გვიჩივლონ სასამართლოში და თუ ვერ დავამტკიცებთ რამეს – აი, ჩვენი თავი, მართლმსაჯულება და გილიოტინა!… დანარჩენს ხელს შევუწყობთ ყველას, რომ გახდნენ მილიონრები, მილიარდერები და მხოლოდ ეს გადაარჩენს ქვეყანას“, – თქვა შალვა ნათელაშვილმა ტვ „მაესტროზე“ თეა სიჭინავას გადაცემაში „კვირის არგუმენტები“.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, ლეიბორისტული პარტიის რეკლამამ ტელეარხებზე რეკლამებისთვის გამოყოფილ დროში პრეზიდენტის უარყოფითი ტონით გაშუქება გამოიწვია. მედიამონიტორინგის 13-26 აგვისტოს შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ ერთი სუბიექტი – პრეზიდენტი გაშუქდა უარყოფითი ტონით.

მედიამონიტორინგის ამ პერიოდის ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტის უარყოფითი ტონით გაშუქება უკავშირდება ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურ სარეკლამო კლიპს, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კადრში ჩანს 13 წმ-ის განმავლობაში: „ეს არის 2003 წელს ვარდების რევოლუციის დღეებში, მიტინგზე გადაღებული კადრი. პარალელურად, ეკრანის მეორე მხარეს, მაყურებელი ხედავს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის 2003 წლის ჩანაწერს, სადაც იგი ამბობს: „ქვეყანაში მყარდება შავი ანტიეროვნული ტირანია, რომლის მიზანია, მოახდინოს ქვეყნის დაყოფა ჯუჯა სამთავროებად და ერთი კლანის ხელში გადაიყვანოს ეროვნული ეკონომიკა…“ ამ მომენტში ძველი კადრები წყდება და შალვა ნათელაშვილი გამოსვლას 2012 წლის მიმართვით აგრძელებს: „ისტორია შეცდომას აღარ გვაპატიებს, ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ გადაგარჩენთ. მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ! სამშობლოს აღვადგენთ. მთავარია, არ გაიყიდოთ და არ შეშინდეთ. ღმერთი არს ჩვენთან! ვიწყებთ!“ ამ დროს ნაჩვენებია საარჩევნო ბიულეტენი, სადაც „ამომრჩევლის ხელი“ უარყოფის ნიშნად ხაზს უსვამს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და წრით ხაზავს, ანუ „ხმას აძლევს“ ლეიბორისტულ პარტიას“.

კლიპის ნახვა შეგიძლიათ იუთუბზე: http://www.youtube.com/watch?v=tM9_7FJjDWs

მაინც რამდენად აქტუალური და რეალურია სლოგანი – „მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ?“ სურს თუ არა დღევანდელ საზოგადოებას, რომელიმე პოლიტიკოსს მიანდოს, ვინ „გააკულაკოს,“ ვის რა წაართვას და ვის რა მისცეს? ხომ არ ეჯიბრება შალვა ნათელაშვილი ქართული ლიტერატურის ცნობილ გმირებს- არსენა მარაბდელს, კაკო ყაჩაღს, დათა თუთაშხიას?

ქართული ვიკიპედიის მიხედვით, არსენა ოძელაშვილი, იგივე არსენამარაბდელი (დ. დაახლ. 1797, სოფ. მარაბდა — გ. 1842, მცხეთა) საქართველოს ეროვნულ გმირად მიიჩნევა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მცხეთაში ახლაც დგას მისი მონუმენტური ძეგლი. არსენას ბიუსტი ასევე არის მის მშობლიურ მარაბდაში. ხოლო მის შესახებ შექმნილი „არსენას ლექსი“ ქართული ხალხური შემოქმედების ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული. მასში არსენა ოძელაშვილის თავგადასავალი XIX საუკუნის 30-იანი წლების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ფონზეა გაშლილი. ეს ლექსი საბჭოთა სკოლებში განსაკუთრებული აქცენტით ისწავლებოდა და ყველა ბავშვს ევალებოდა მისი დაზეპირება. „არსენას ლექსი“  ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველი კლასიკოსების თხზულებების წყაროც გახდა. მათ შორის, ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და მიხეილ ჯავახიშვილის არსენა მარაბდელი ასევე ისწავლებოდა ქართულ სკოლებში. ამ ნაწარმოებებში გაიდეალებული იყო ყაჩაღების ცხოვრება, რომელიც მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა. ასეთივე სულისკვეთების ნაწარმოებია ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა და მის მიხედვით, მრავალსერიანი ფილმიც არის გადაღებული.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოთხსენებული პერსონაჟები კომუნისტურ ეპოქაში უფრო მეტად იყვნენ „პატივცემულნი“, ვიდრე დღევანდელ ვითარებაში. კომუნისტები ამ ნაწარმოებების მიხედვით აიდეალებდნენ გმირებს, რომლებიც მეფის თვითმპყრობელობას და თავადებს ებრძოდნენ.

კითხვაზე – რამდენად სწორად ამოიღო მიზანში შალვა-რობინჰუდ-არსენა ნათელაშვილმა მიზანში ამომრჩეველთა კონკრეტული ჯგუფი, ვისთვისაც  კვლავ სანატრელი შეიძლება იყოს მდიდრების შემუსვრა, გვპასუხობს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი-კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი: „ლეიბორისტების კლიპი და საერთოდ ამ პარტიის წინასაარჩევნო კამპანია გარკვეული სტერეოტიპის მიხედვით არის ჩამოყალიბებული. საქართველოში არ უყვართ მდიდრები – ამ ფაქტს არაერთი კვლევა შეხებია. თუმცა, ეს ფენომენი ჯერჯერობით ამოუხსნელი რჩება. ზოგიერთი მკვლევარი ამ პრობლემას კომუნისტურ წარსულს, პოსტსაბჭოთა გადანაწილების არასამართლიან ფორმებსა და მეთოდებს მიაწერს. ლეიბორისტული პარტიისთვის ეს ნიშა მუდმივად არსებობდა და ის საკმაოდ წარმატებულად იყენებდა ზემოთხსენებული ფენომენის „მუშაობის“ სიკეთეებს. ახალი პოლიტიკური ფიგურის, მილიარდერისა და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლის პარალელურად, არსებული სტერეოტიპის მნიშვნელოვანი მსხვრევა გამოიწვია. ის სოციუმი, რომელიც მკვეთრად რეაგირებდა ლეიბორისტული პარტიის გზავნილებზე, აქტიურად გადაერთო „ქართული ოცნების“ მხარეს. შედეგად მივიღეთ ლეიბორისტული პარტიის კამპანია, რომელიც რეალობას მოწყვეტილია და სამიზნეს გარეშეა დარჩენილი. კლიპისა და კამპანიის არაადეკვატურობა პარტიისა და მისი ამომრჩევლის დაშორების საგულისხმო მაგალითია“.

საინტერესოა, რომ სოსო გალუმაშვილის კომენტარი ჯერ კიდევ არჩევნების წინ ჩავიწერეთ. არჩევნების შედეგებმა, ალბათ, სწორედ „კლიპისა და კამპანიის არაადეკვატურობა“ აჩვენა.

კიდევ ერთი კომენტარი ამ კლიპთან დაკავშირებით, ლიტერატურათმცოდნემ, რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა მოგვცა: „აქ საუბარია შურისძიების ვნებაზე. არსენა – ეს არის ადამიანი, რომელიც სამართლიანობის სახელით, შურს იძიებს მდიდარზე, რადგან მიაჩნია, რომ მას უსამართლოდ აქვს  კაპიტალი დაგროვებული. ამიტომ მას ამ კაპიტალს ართმევს და აძლევს ღარიბს, რომელიც მისი აზრით, მუდამ დაჩაგრულია. ეს ორი სიტყვა – „ვაძლევ“ და „ვართმევ“ არის იმპერატივი, რაც ჩემთვის  სრულიად მიუღებელია, რადგან ეს უკვე ნიშნავს არასწორად აღებას საკუთარ თავზე რაღაც ისეთი ფუნქციებისა, რისი უფლებაც არავის არა აქვს. ამ ლოზუნგიდან და ამ სიტყვებიდან ერთი ნაბიჯია ლინჩის წესამდე. ეს სლოგანი ძალიან მავნე ტრადიციას უყრის საფუძველს – წართმევის ტრადიციას. მეორე მოვა და პირველს წაართმევს, მესამე მოვა და ამ მეორეს წაართმევს და იქნება გაუთავებელი ჯაჭვი. დროა, დასრულდეს ასეთი აზროვნება, რომ ვინც მოვა ხელისუფლებაში, იმან წინამორბედს აუცილებლად უნდა წაართვას. ადამიანი, რომელიც ცივილიზებულია, რომელიც წინ იყურება და ცივილიზებული ქვეყნის აშენება უნდა, შეუძლებელია, ამ სლოგანით მოხიბლული იყოს. ნორმალური ადამიანი, კარგად რომ დაფიქრდეს, არსენას ხმას არ მისცემს. არსენა სამართალი არ არის. იგი ყაჩაღია. კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია იმ ადამიანის პოზიცია, ვისაც ეს ყაჩაღი აძლევს, რადგან იმ მხარესაც დგას მცონარი, რომელიც ელოდება, რომ ვიღაცა წაართმევს მდიდარს და მას მისცემს. ასე რომ ამ სლოგანს ყავლი აქვს გასული“.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ცხადყოფს, რომ „შურისძიების ვნება“ შალვა ნათელაშვილის მთავარი „მტრისთვის,“ მიხეილ სააკაშვილისთვისაც არ არის უცხო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებში უფასოდ რიგდებოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიული გაზეთი, რომელშიც ერთ-ერთი სტატიის სათაურია: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“. ამ სტატიაში საუბარია მიხეილ-არსენა-რობინჰუდ სააკაშვილზე, რომელმაც იმ დროს „უკანონოდ აშენებული“ სასახლე ჩამოართვა ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის წევრებს.

ლეიბორისტული პარტიის წევრის, სოსო შატბერაშვილის თქმით, ეს სლოგანი დასაბამიდან ლეიბორიტულ პარტიას ეკუთვნოდა და 2003 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ იგი უნებართვოდ გამოიყენა. შატბერაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხშირად ამბობდა, რომ „ნაციონალები“ „ლეიბორისტებს“ სლოგანებს ჰპარავდნენ და კარგ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ.

იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არსენას ლოზუნგს წინასაარჩევნოდ იყენებდა, მას მილიონობით მხარდამჭერი ჰყავდა. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებმა, შესაძლოა, ისიც აჩვენა, რომ არსენას იდეოლოგიას ყავლი გაუვიდა. იმედია, ყავლი გაუვიდა „არსენას ლექსის“ ცნობილ აფორიზმსაც: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა?“

Advertisements
This entry was posted in არჩევნები and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s