გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიუხედავად, ბაქომ გაეროს გლობალურ ფორუმს უმასპინძლა

     http://humanrightshouse.org

rezonansცოტა ხნის წინ ბაქომ უმასპინძლა გაეროს მიერ ინიცირებულ ინტერნეტ მმართველობის (IGF)გლობალურ ფორუმს, რომელზეც ინტერნეტ თავისუფლების მომავალი განიხილეს. ამ ფორუმის პარალელურად, ცხრა ჟურნალისტი და სამი უფლებადამცველი აზერბაიჯანში ციხეში ჩასვეს. ცხრა საქმიდან ხუთი ინტერნეტ სივრცეში აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება. 

მეშვიდე ყოველწლიური ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ბაქოში 6-9 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ მულტი-წარმომადგენლობით სადისკუსიო შეხვედრებს გაერომ საფუძველი 2006 წელს ჩაუყარა.

გაეროს გენერალური მდივნის მიერ მოწვეულ ყოველწლიურ შეკრებაში თავს იყრიან ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო კორპორაციებისა და სხვა პარტნიორების წარმომადგენლები ინტერნეტთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის საკითხების განსახილველად. წლევანდელი ფორუმის თემა იყო ინტერნეტ-მმართველობის როლი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში. დისკუსია ასევე ეხებოდა ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას.

მაისში ბაქოში ჩატარებული 2012 წლის ევროვიზიის კონკურსის შემდეგ, ეს იყო მეორე საერთაშორისო დონის ძირითადი შეხვედრა, რომელიც ბაქოში უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გაიმართა. ევროვიზიის მუსიკალური კონკურსისა და ინტერნეტ- მმართველობის ფორუმის მასპინძლობა წარმოადგენდა ხელისუფლების ორ პროპაგანდისტულ გამარჯვებას, რითაც სცადა ეჩვენებინა ქვეყნის თანამედროვე გარეგნული ბრწყინვალება. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიხედოთ სცენის უკან და გვახსოვდეს აზერბაიჯანის შოკისმომგვრელი ანგარიში გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

ჟურნალისტები რისკის ქვეშ მუშაობენ

აზერბაიჯანში მოღვაწე თავისუფალი უფლებადამცველი კონსულტანტი და გამოხატვის თავისუფლების თემაზე მომუშავე ექსპერტი რებეკა ვინსენტი აცხადებს, რომ ნებისმიერი აზერბაიჯანელი, რომელიც გაბედავს საკუთარი გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას, სერიოზულ რისკზე მიდის.

„სერიოზული უკურეაქცია მოყვება ხოლმე გარკვეული ტაბუდადებული თემების განხილვას ინტერნეტ სივრცეში, განსაკუთრებით – ისეთი თემის განხილვას, როგორიცაა თანამდებობრივი კორუფცია და სიცრუე. დაფიქსირდა მაღალი პროფილის მქონე სადამსჯელო ღონისძიებები ინტერნეტში ხელისუფლების კრიტიკის გავრცელების წინააღმდეგ“, – განაცხადა რებეკა ვინსენტმა.rezonansi

აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორის არიან ავაზ ზეინალოვი, გაზეთის – „ხურალ“ რედაქტორი, რომელიც ცნობილია ხელისუფლების წარმომადგენელთა მკაცრი კრიტიკით. ზეინალოვის სტატიებში საუბარი იყო მმართველი პარტიიდან პარლამენტის წევრის კორუმპირებულობაზე და მას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა. პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. Human Rights Watch-ის მიხედვით, ზეინალი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და ამჟამად მიმდინარეობს მისი საქმის სასამართლო განხილვა,

შანტაჟის მცდელობის მსხვერპლი

მიმდინარე წლის დასაწყისში, ხადიჯა ისმაილოვა, რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანის ოფისის ჟურნალისტი და აქტიური სოციალური ქსელების ორგანიზატორი, უხეში შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მან მიიღო პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები კონვერტით და წერილი: „ბოზო, წესიერად მოიქეცი, თორემ შეგარცხვენთ!“ მან გადაწყვიტა, არ გაჩუმებულიყო და ერთი კვირის შემდეგ ინტერნეტში მართლაც გავრცელდა მისი ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფარული ვიდეოკადრები. მისი ადვოკატისა და სხვა ჟურნალისტების გამოძიების შედეგად, აშკარა გახდა, რომ მისი საქმიანობის უკანონო მონიტორინგი დაიწყო მას შემდეგ, რაც ისმაილოვამ გამოაქვეყნა სტატია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახურ ბიზნესსზე.

ბრალდება ნარკოტიკების მოხმარებასა და არეულობის ორგანიზებაში

რეჟიმი ასევე იყენებს გამოგონილ ბრალდებებს მის წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნისთვის. ვებგვერდ azadxeber.org-ის რედაქტორი, ნიჯათ ალიევი მაისის შემდეგ პატიმრობაშია; ის ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. მანამდე ის არ ყოფილა შემჩნეული ნარკოტიკებთან კავშირში და არც მის მეგობრებს სმენიათ მისი ნარკომანობის შესახებ არაფერი. დაკავებამდე ის თავს დაესხა რელიგიასა და ლგბტ უფლებების მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკას და გააკრიტიკა ბაქოში წელს ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის გასამართად გაწეული ხარჯების რაოდენობა.

ტელეკომპანია „ხაიალის“ აღმასრულებელი დირექტორი ვუგარ გონაგოვი და მთავარი რედაქტორი ზაურ გულიევიც პატიმრობაში არიან. მათ ბრალად ედებათ youtube-ზე ვიდეოს ატვირთვა, რომელშიც რეგიონის მერი დამამცირებლად მოიხსენიებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ვიდეომ გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები. შედეგად, მერი თანამდებობიდან გაათავუსუფლეს. ორივე ჟურნალისტს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ თუ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში წაყენებული ბრალი დაუმტკიცდათ.

rezonansssთავისუფალი ჟურნალისტი ფარამაზ ნოვრუზოგლუ სასჯელს იხდის ციხეში მასობრივი არეულობის მოწოდებისა და საზღვრის ყალბი დოკუმენტებით გადაკვეთის გამო; მას 4,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. დაპატიმრებამდე, ნოვრუზოგლუ სოციალურ ქსელებში ღიად საუბრობდა, აკრიტიკებდა ხელისუფლებას და მოუწოდებდა საზოგადოებას პროტესტისაკენ.

უფლებადამცველები ციხეში

ციხეში იმყოფება ერთ-ერთი უფლებადამცველი, იურისტი ვიდადი ისგანდეროვი. მას სამწლიანი პატიმრობა 2011 წლის აგვისტოში მიუსაჯეს. 2010 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა; Human Rights Watch -ის ანგარიშით, ისგანდეროვმა ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც აცხადებდა, რომ მის რაიონში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებას ადასტურებდა ვიდეო და სხვა მასალებიც, ხელისუფლებამ ფაქტი არ გამოიძია. პირიქით – უფლებადამცველს წაუყენეს ბრალდება და დამნაშავედ სცნეს არჩევნების პროცესში ჩარევაში.

უფლებადამცველი ტალეჰ ხასმამედოვი 4-წლიან პატიმრობას იხდის ხულიგნობის ბრალდებით. ის 2011 წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც youtube-ზე რეგიონებში კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლთა ვიდეო-ინტერვიუები გაავრცელა; ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ კრიმინალები ადგილობრივ პოლიციასთან იყვნენ შეკრულები.

გაუქმების ზღვარზე მყოფი ოპოზიციური გაზეთი

2012 წლის 5 ნოემბერს, აზერბაიჯანის სასამართლომ გადაწყვიტა, გაეყინა ოპოზიციურ გაზეთ „აზადლიგ“-ის საბანკო ანგარიშები. „მეტისმეტად დიდმა ჯარიმებმა და წინასწარგანზრახულმა მცდელობამ, შეემცირებინათ ტირაჟი, გაზეთი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა; მისი საბანკო ანგარიშების გაყინვამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. გაზეთის გადარჩენა არნახული რისკის ქვეშაა, რაც სასამართლოს მიზანს წარმოადგენს“, – აცხადებს თავისუფალი სიტყვის დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში ოპოზიციური გაზეთების უმრავლესობა ერთი მეორეს მიყოლებით დაიხურა. სამაუწყებლო კომპანიებს კი ხელისუფლება აკონტროლებს. მსგავს გარემოებებში, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ გაზეთ „აზადლიგის“ დახურვა აზერბაიჯანში მედიაპლურალიზმზე სერიოზული დარტყმა იქნება.

ბოლო თვეებში „აზადლიგი“ ზეწოლის სერიების მსხვერპლი გახდა. გასულ წელს, სულ მცირე, 10 საჩივარი შევიდა ყოველდღიური გამოცემის წინააღმდეგ; საჩივრის ავტორები, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ივყნენ. შედეგად, გაზეთი იძულებული გახდა, ჯარიმები გადაეხადა, რომლის საერთო რაოდენობამ 65 000 ევროს გადააჭარბა. „აზადლიგის“ ანგარიშები დაყადაღდა ერთ-ერთი ჯარიმის ამოღების მიზნით, რომლის რაოდენობა 4 200 ევრო იყო; აღნიშნული სარჩელის ავტორი ბიზნესმენი ანარ მამადოვია, ტრანსპორტის მინისტრის, ზია მამადოვის შვილი. გაზეთმა ეს ჯარიმა წინა კვირას გაასაჩივრა. „სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესახებ“ კანონის შესაბამისად, სასამართლო განჩინება ვერ აღსრულდება საპასუხო სარჩელის განხილვამდე. „აზადლიგის“ რედაქტორი, განიმატ ზაჰიდი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება უკანონო იყო. „ჩვენ კვლავ გამოვცემთ გაზეთს, მაგრამ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, დიდხანს ვერ ვიარსებებთ“, – განცხადა რედაქტორმა.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ბოლო ანგარიშის მიხედვით („მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსი“) აზერბაიჯანმა 179 ქვეყნიდან 162-ე ადგილი დაიკავა.

სტატია მომზადებულია 2012 წლის 11 ნოემბერს, ლონდონის ადამიანის უფლებათა სახლის, Index on Censorship, Human Rights Watch-ისა და ორგანიზაცია – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინფორმაციის გამოყენებით. ინტერნეტ-ლინკი: http://humanrightshouse.org/Articles/18840.html

სტატიის ქართული თარგმანი ასევე გამოქვეყნდა გაზეთ „რეზონანსში“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში.

Advertisements
This entry was posted in მედია. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s