საიდუმლო საცავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეო მასალა

დაკავებულია და იძებნება 10-ზე მეტი პირი, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახით უკავშირდებიან რამდენიმე დღის წინ სამალავში აღმოჩენილ მასალებს. კონკრეტულად, საუბარია ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც, 17 ივნისს გახმაურებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში, მიწისქვეშა სამალავში აღმოაჩინეს.

19 ივნისს  შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიდეოჩანაწერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო; ხოლო 20 ივნისს მსგავსი შეხვედრა არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის დროს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვიდეოფირებში ასახულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირები უკვე დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ასევე დაკავებულია პიროვნება, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

„ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება“,- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი, ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი და ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილ მასალებთან შედარებით, ციხის სკანდალური კადრები, რომელიც შარშან სექტემბერში გავრცელდა, ძალიან მსუბუქი ვარიანტია.

როგორც მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ეს კადრები გადაღებულია 2011 წელს, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს და იქ საუბარია ორ ეპიზოდზე: ”იქ საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, საკუთარ თავზე აღებაზე. აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პიროვნება საერთოდ არ იყო არც გასამართლებული, არც ციხეში ნამყოფი. ის, უბრალოდ, აწამეს. მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იყო დაკავებული და იჯდა ციხეში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ტარების გამო”.

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიწისქვეშა სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალა ვანო მერაბიშვილის დროინდელ უმძიმეს დანაშაულებს ასახავს და რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომლებსაც შეხება აქვთ ამ ფაქტებთან.

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ის ფაქტები, რომლებიც სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებშია დაფიქსირებული.

“ინფორმირებული, შოკირებული და გაოგნებული ვარ იმ ინფორმაციებით, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მითხრეს. ისინი ვიდეოში ასახულ ფაქტებზე მესაუბრნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ის, რაც ფირზეა აღბეჭდილი”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია აღნიშნავს, რომ ეს იყო ძალიან მძიმე კადრები. მისი აზრით, „შსს დგას მნიშნველოვანი გამოწვევის წინაშე, რომ გამძოიიოს ეს უმძიმესი დანშაული უმოკლეს ვადებში, ყოველმხრივ, ეფექტიანად დასრულყოფილად; გამოავლინოს და დასაჯოს დანაშაულში თანამონაწილე ყველა პირი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული როგორც მსხვერპლის ასევე ბრალდებულების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.“

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ წამების მსხვერპლის დაცვა და მისი რეაბილიტაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელი სახელმწიფოსთვის. „შსს-მ და ზოგადად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათის, რომ არ მოხდეს წამების მსხვერპლთა იდენტიფიკაცია, რათა მათ კიდევ ერთხელ არ მივაყენოთ ტკივილი. მსგავსი “კინოსეანსების” ჩვენებები გამოძიებას არაფერს არგებს და საჭიროა მიუკერძოებელი გამოძიება და მსხვერპლთან ერთად ეჭვმიტანილების დაცვა.“

Advertisements
This entry was posted in სასამართლო, წამება and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s